English / ქართული / русский /
თეა უდესიანიდალი სოლოღაშვილი
მწვანე ეკონომიკის გამოწვევები სამეურნეო სუბიექტებისა და მათ მიერ წარსადგენ მმართველობის ანგარიშგებისადმი

ანოტაცია. მწვანე ეკონომიკა ადამიანების კეთილდღეობისა და სოციალური თანასწორობის მთავარი შედეგია, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს გარემორისკებს და ეკოლოგიურ დანაკარგებს. მწვანე ეკონომიკა ეკონომიკური განვითარების ის მოდელია, რომელიც მდგრად განვითარებასა და ეკოლოგიური ეკონომიკის ცოდნაზეა დაფუძნებული. სხვა დარგებისგან იმით განსხვავდება, რომ იგი პირდაპირ აფასებს ქვეყნის ბუნებრივ კაპიტალს, რომელსაც ეკონომიკური ღირებულება აქვს. ყოველივე ეს კი ზრდის და გარკვეული გამოწვევების წინაშე აყენებს სამეურნეო სუბიექტების პასუხისმგებლობას.

საკვანძო სიტყვები: მწვანე ეკონომიკა, მდგრადი განვითარება, სამეურნეო სუბიექტები, კანონმდებლობა, მმართველობის ანგარიშგება 

შესავალი

 მწვანე ეკონომიკა თანამედროვე მსოფლიოს ერთ–ერთი აქტიური პრობლემაა მთელ მსოფლიოში.  ამ პროცესში თითქმის ყველა ქვეყანაა ჩართული, მათ შორის საქართველოც. მწვანე ეკონომიკა უზრუნველყოფს რეალურ, მდგრად ეკონომიკურ განვითარებას და ამცირებს გარემოს დაბინძურებას, კლიმატის ცვლილებას, გარემოს დეგრადაციას, რესურსების გამოლევის საშიშროებას. ის სტიმულს აძლევს ბიზნესს, აწარმოოს მწვანე პროდუქტი და მომსახურება.

      მწვანე ეკონომიკის ერთ–ერთი ძირითადი მიმართულებაა  მდგრადი განვითარების პრინციპებთან თანხვედრა.  ,,მდგრადი განვითარება კი საზოგადოების განვითარების ისეთი სისტემაა, რომელიც საზოგადოების ეკონომიკური განვითარებისა და გარემოს დაცვის ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოფს ადამიანის ცხოვრების დონის ხარისხის ზრდას და მომავალი თაობების უფლებას – ისარგებლონ შეუქცევადი რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებებისაგან მაქსიმალურად დაცული ბუნებრივი რესურსებითა და გარემოთი“  [საქართველოს კანონი. მუხლი 4/ლ.]     

      საქართველოს  მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ–ერთ ძირითდ პრინციპად ეკონომიკური განვითარების პროცესში ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება, ეკოლოგიური უსაფრთხოების, მდგრადობის უზრუნველყოფა და ბუნებრივი კატაკლიზმების რისკების თავიდან აცილება წარმოადგენს. მწვანე ეკონომიკა პირდაპირ და ირიბად ხელს უწყობს „საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა“ და „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების“ (DCFTA) ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.   

* * *

„საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ ფარგლებში საქართველო იღებს ვალდებულებას, განახორციელოს საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ-სტრუქტურული ცვლილებები. სწორედ ამის შედეგად 2016 წლის 8 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი "ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ", რომლის მიზანს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის მარეგულირებელი ჩარჩოს შექმნა და "ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის" ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ ევროკავშირის აქტებთან დაახლოება წარმოადგენს.

აღნიშნულმა  კანონმა, მწვანე ეკონომიკის სხვა მოთხოვნებთან ერთად, სამეურნეო სუბიექტებს, განსაკუთრებით კი საზოგადოებრივი დაინტერესების პირებსა და პირველი და მეორე კატეგორიების საწარმოებს მმართველობის ანგარიშგების მომზადებასა და წარდგენაზე ახალი სამართლებრივი მოთხოვნები დაუწესა. კერძოდ, აღნიშნული კანონის თანახმად საზოგადოებრივი დაინტერესების პირები,  პირველი და მეორე კატეგორიების საწარმოები ვალდებულნი არიან  2017 წლის 31 დეკემბრით დასრულებული საანგარიშგებო პერიოდისთვის და შემდგომ პერიოდებში ფინანსურ ანგარშგებასთან ერთად წარადგინონ მმართველობის ანგარიშგება ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში. ქართული ბიზნესსექტორისათვის მმართველობის  ანგარიშგების შედგენა და წარდგენა ზემდგომი ორგანიზაციისადმი სიახლეს წარმოადგენს. 

       მმართველობის ანგარიშგების მიზანია, დაინტერესებულ პირებს გააცნოს ინფორმაცია სუბიექტის საქმიანობასთან, განვითარებასა და მდგომარეობასთან დაკავშირებით. აღნიშნული ანგარიშგების დახმარებით, ინფორმაციით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ როგორც სუბიექტის სამომავლო პერსპექტივებისა და ძირითადი რისკების შეფასება, ასევე ის, თუ რამდენად წარმატებულად შეასრულა საწარმომ დასახული მიზნები.

    მმართველობის ანგარიშგება მოიცავს:

ა) საქმიანობის მიმოხილვას;

ბ) კორპორაციული მართვის ანგარიშგებას;

გ) არაფინანსურ ანგარიშგებას.

    ამჯერად ყურადღებას გავამახვილებთ არაფინანსურ ანგარიშგებაზე, რადგან იგი მოიცავს მწვანე ეკონომიკის საკითხებს, კერძოდ კი  გარემოს დაცვის, სოციალური, დასაქმების, ადამიანის უფლებების დაცვისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე სუბიექტის საქმიანობის განვითარების, შედეგებისა და მდგომარეობის ზეგავლენის დასადგენად აუცილებელ ინფორმაციას, მათ შორის:

ა) სუბიექტის ბიზნესმოდელის მოკლე მიმოხილვას;

ბ) სუბიექტის მიერ ამ პუნქტით გათვალისწინებული საკითხების მიმართ გამოყენებული პოლიტიკის აღწერას, მათ შორის, ინფორმაციას განხორციელებული კომპლექსური პროცედურებისა და გატარებული პოლიტიკის შედეგების შესახებ. თუ სუბიექტი არ იყენებს ასეთ პოლიტიკას, ამასთან დაკავშირებით ანგარიშგებაში ნათელი და დასაბუთებული განმარტება შეიტანება;

გ) სუბიექტის საქმიანობის რისკების ანალიზს, რაც საჭიროების შემთხვევაში მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) სუბიექტის ბიზნესურთიერთობებს, ამ პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე პროდუქციის ან/და მომსახურების შესაძლო უარყოფით ზეგავლენას და სუბიექტის მიერ გამოყენებული რისკების მართვის მეთოდებს;

დ) კონკრეტული საქმიანობის ძირითად არაფინანსურ მაჩვენებლებს;

ე) საჭიროების შემთხვევაში – წლიურ ფინანსურ ანგარიშგებაში ასახულ თანხებზე მითითებას და მათ შესახებ დამატებით განმარტებებს.         

    მიზანშეწონილია, სამეურნეო სუბიექტმა გაასაჯაროოს მისი საქმიანობიდან გამოწვეული  გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხები,  რელევანტური ინფორმაცია გარემოზე მიმდინარე ან შესაძლო გავლენებთან დაკავშირებით. აგრეთვე, ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ შეუძლია არსებულ და მოსალოდნელ გარემოსდაცვით საკითხებს სუბიექტის განვითარებაზე, საქმიანობასა და მდგომარეობაზე გავლენის მოხდენა. აღნიშნული შეიძლება მოიცავდეს:

ა) არსებით ინფორმაციას გარემოს დაბინძურების პრევენციისა და კონტროლის შესახებ;

 ბ) ენერგიის მოხმარებით გამოწვეულ ზემოქმედებას გარემოზე;

გ) პირდაპირ და არაპირდაპირ ემისიებს ატმოსფეროში;

 დ) ბუნებრივი რესურსების (მაგ., წყალი, მიწა) გამოყენებასა და დაცვას, აგრეთვე მათთან დაკავშირებული ბიომრავალფეროვნების დაცვას;

ე)   ნარჩენების მართვას;

ვ) პროდუქციისა და მომსახურების გამოყენებასთან, გაყიდვასა და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ გარემოსდაცვით საკითხებს;

 ზ) ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქტებისა და მომსახურების განვითარებას[1].

      სამეურნეო  სუბიექტმა შესაძლოა მხედველობაში მიიღოს ისეთი არაფინანსური გარემოსდაცვითი საკითხები, როგორებიცაა: ენერგოეფექტურობა და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება; ენერგომოხმარება არაგანახლდებადი წყაროებიდან და ენერგომოცულობა; მეტრულ ტონებში CO2 ეკვივალენტის სათბური გაზის გამოყოფა და სათბური გაზის მოცულობა; სხვა დამაბინძურებლების ემისიები (გაზომილი აბსოლუტური მნიშვნელობით და მოცულობის მიხედვით); ბუნებრივი რესურსების მოპოვება; ზემოქმედება და დამოკიდებულება ბუნებრივ რესურსებსა და ბიომრავალფეროვნებაზე; ნარჩენების მართვა (მაგ., გადამუშავების ნორმები).

        მმართველობის ანგარიშგება, სხვა არაფინანსურ საკითხებთან ერთად,  ითვალისწინებს ინფორმაციის გამჟღავნებას მიწოდების ჯაჭვის შესახებ. მიწოდების ჯაჭვი არის სუბიექტსა და მომწოდებლებს შორის არსებული ქსელი, რომელიც პროდუქტის/მომსახურების მომხმარებლამდე მიტანას უზრუნველყოფს.

     ამ კუთხით რა უნდა ასხოს სუბიექტმა მმართველობის ანგარიშგებაში?

     ,,თუ სუბიექტი რელევანტურად მიიჩნევს, უნდა გაასაჯაროოს არსებითი ინფორმაცია მიწოდების ჯაჭვთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სუბიექტის საქმიანობის განვითარებაზე, მდგომარეობასა და შედეგებზე. აღნიშნული უნდა მოიცავდეს სუბიექტის მიწოდების ჯაჭვის შესახებ ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად საჭირო ინფორმაციას, ასევე, განმარტებას, თუ რამდენად რელევანტურია არაფინანსური საკითხები, რომლებიც მიწოდების ჯაჭვის მართვის პროცესშია ჩართული“[2]. ხოლო იმ შემთხვევაში,  თუ სუბიექტი ჩათვლის, რომ მოსალოდნელი მოვლენების ან მოლაპარაკებების პროცესში მყოფი საკითხების შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაჯაროება მისთვის არახელსაყრელია, რაც მდგომარეობს  მისი ინტერესების მნიშვნელოვნად დააზიანებაში,  შეუძლია გასაჯაროების მოთხოვნის შესრულება ნაკლებად საზიანო, შეჯამებული ინფორმაციის სახით წარადგინოს.

      სუბიექტმა შესაძლოა გაასაჯაროოს არსებითი ინფორმაცია მიწოდების ჯაჭვის მონიტორინგის შესახებ, სხვადასხვა საკითხებთან ერთად მწვანე ეკონომიკასთან დაკავშირებული ისეთი საკითხები, როგორიცაა მაგალითდ წყლისა და გარემოს დაბინძურება, ტყეების ჩეხვა, ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებული რისკები  და სხვა.

A ამავდროულად სავალდებულოა სუბიექტმა მმართველობის ანგარიშგებაში ასახოს ინფორმაცია საშიში მინერალების შესახებ. თუ ეს საკითხი რელევანტურია, უნდა გასაჯაროვდეს მაღალი რისკის მქონე ტერიტორიებიდან კალის, ტანტალის, ვოლფრამისა და ოქროს უსაფრთხო მიწოდების საკითხის სუბიექტის მიერ სათანადო შესწავლასთან დაკავშირებული ინფორმაცია. სუბიექტმა შეიძლება გაასაჯაროოს საქმიანობის ძირითადი მაჩვენებლები, რომლებიც დაკავშირებულია იდენტიფიცირებული რისკების ბუნებასა და რაოდენობასთან, ასეთი რისკების პრევენციისა და მიტიგაციისთვის მიღებულ ზომებთან.

    ბუნებრივია იბადება კითხვა: რა ეკონომიკურ მექანიზმებს ითვალისწინებს  საქართველოს კანონმდებლობა სამეურნეო სუბიექტებისათვის გარემოს დაცვის სფეროში?

კანონმდებლობის [გარემოს დაცვის. თავი 5] თანახმად:

1. გადასახადებს გარემოს დაცვის სფეროში;

2. ეკოლოგიურ დაზღვევას;

3. გარემოს დაცვის ეკონომიკურ სტიმულირებას;

4. გარემოსდაცვით აუდიტსა და

5. გარემოსდაცვით მოთხოვნებს პრივატიზაციის პროცესში.

ü გადასახადები გარემოს დაცვის სფეროში – ითვალისწინებს  ,,ფასიანი ბუნებათსარგებლობისა“ და „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპებიდან გამომდინარე – გარემოზე მავნე ზემოქმედებისათვის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის და სხვა გადასახადებს;

ü ეკოლოგიურ დაზღვევა – ხორციელდება ეკოლოგიურად განსაკუთრებით საშიში საქმიანობის ობიექტების მიმართ.  ეკოლოგიური დაზღვევით შემოსული თანხები გამოიყენება ეკოლოგიური ავარიისა და კატასტროფის შედეგების აღმოფხვრისა და მათი პროფილაქტიკისათვის.

ü გარემოს დაცვის ეკონომიკურ სტიმულირების მიზანია უნარჩენო, გარემოსდაცვითი თვალსაზრისით მისაღები, ეკოლოგიურად სუფთა, მცირენარჩენიანი საუკეთესო ტექნოლოგიისა და ტექნიკის დამუშავებისა და დანერგვის, მეორადი ნედლეულის გამოყენების, ეფექტური გარემოსდაცვითი პროექტების განხორციელების ხელშეწყობა, რაც შეიძლება განხორციელდეს:  რეკლამით გარემოს დაცვის საკითხებზე,  საგადასახადო შეღავათით,  შეღავათიანი სახელმწიფო კრედიტით.

ü გარემოსდაცვითი აუდიტი –   წარმოადგენს საქმიანობის სუბიექტის მიერ გარემოს დაცვის კანონმდებლობის მოთხოვნათა, გარემოს დაცვის ნორმების (თვით საქმიანობის სუბიექტის მიერ დადგენილის ჩათვლით) შესრულებისა და ბუნებათსარგებლობის სისტემის მართვის ეფექტურობის ანალიზს, რომელიც მოიცავს მთელ საწარმოო-ტექნოლოგიურ ციკლს და ტარდება საქმიანობის ეკოლოგიური შეფასებისა და მოხმარებული ბუნებრივი რესურსების დანაკარგების, გარემოზე მავნე ზემოქმედებისა და ნარჩენების მინიმიზაციის გზებისა და საშუალებების გამოვლენის მიზნით.

ü პრივატიზაციის პროცესში გარემოსდაცვითი მოთხოვნებიდან გამომდინარე, პრივატიზებული სამეურნეო ობიექტის მესაკუთრე არ თავისუფლდება იმ გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულებისაგან, რომლებიც დაკისრებული ჰქონდა სამეურნეო ობიექტის ყოფილ მესაკუთრეს. გარდა ამისა, საქართველოს გარემოს დაცვის კანონმდებლობის დარღვევით სამეურნეო ობიექტის პრივატიზებამდე საქმიანობის განხორციელების შედეგად გამოწვეული ზარალის ანაზღაურება ეკისრება პრივატიზებული სამეურნეო ობიექტის ყოველ ახალ მესაკუთრეს, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საქართველოს კანონის ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ", თანახმად (მუხლი 8)სდპ და პირველი კატეგორიის საწარმო, რომელთა საქმიანობა მოიცავს წიაღით სარგებლობას (მათ შორის, ნავთობისა და გაზის მოპოვებას) ან ბუნებრივი წარმოშობის ტყეში ხე-ტყის დამზადებას, ვალდებული არიან, ყოველწლიურად მოამზადონ და წარადგინონ სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგება. ამ ანგარიშგებაში უნდა აისახოს სახელმწიფოსთვის მოგების გადასახადის, სალიცენზიო და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის რეგულირების საფასურის, როიალტის, დივიდენდის, „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ბონუსის, ქირისა და საკონცესიო გადასახადის სახით, ფულადი ან ნატურალური ფორმით გადახდილი ის თანხები, რომლებიც საანგარიშგებო პერიოდში გადახდის ამ თითოეული სახეობისათვის ერთჯერადად ან ჯამურად 100 000 ლარს აღემატება.   

დასკვნა 

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მწვანე ეკონომიკა უზრუნველყოფს რეალურ, მდგრად ეკონომიკურ განვითარებას და ამცირებს გარემოს დაბინძურებას, კლიმატის ცვლილებას, გარემოს დეგრადაციას, რესურსების გამოლევის საშიშროებას. ის სტიმულს აძლევს ბიზნესს, აწარმოოს მწვანე პროდუქტი და მომსახურება. 

მწვანე ეკონომიკის გამოწვევები გახადა საფუძველი  კანონმდებლობით, კერძოდ კი ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულიყო ვალდებულება  სამეურნეო სუბიექტების მიერ   მმართველობის ანგარიშგების მომზადებისა და გასაჯაროებისა. მმართველობის ანგარიშგებაში, სხვა დანარჩენ საკითხებთან ერთად, სამეურნეო სუბიექტს მოეთხოვება  არაფინანსური საკითხების წარდგენაც, რომელიც, სხვა პრობლემებთან  ერთად, მწვანე ეკონომიკის პრობლემებსაც მოიცავს.

მმართველობის ანგარიშგება ფინანსურ ანგარიშგებასთან ერთად, ქმნის ერთიან კონტექსტს  და დაინტერესებულ პირებს აწვდის მრავალმხრივ ინფორმაციას სამეურნეო სუბიექტის შესახებ. კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მმართველობის ანგარიშგებას თან უნდა ახლდეს აუდიტორის მოსაზრება მარეგულირებელ ნორმატიულ აქტებთან  და იმავე საანგარიშგებო პერიოდის ფინანსურ ანგარიშგებებთან შესაბამისობის თაობაზე, რაც უფრო  ამაღლებს მის საიმედობას.    

გამოყენებული ლიტერატურა

  1. მმართველობის  ანგარიშგების სახელმძღვანელო. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური. 2018.
  2. საქართველოს კანონი ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ". 8 ივნისი. 2016.
  3. საქართველოს კანონი ,,გარემოს დაცვის შესახებ“.  საქართველოს პარლამენტი. 10.12.1996.
  4. საქართველოს საგადასახადო კოდექსი. 17.09.2010.
  5. საერთააშორისო ჟურნალი მწვანე ეკონომიკის შესახებ
    http://www.inderscience.com/ijge
  6. საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია საქართველო 2020.
  7. EaP GREEN - ევროკავშირის პროგრამა ,,მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში”.
  8. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოს პროგრამა
    http://www.unep.org/pdf/GreenEconomy_SuccessStories.pdf
    http://greeneconomics.org.uk


[1] მმართველობის  ანგარიშგების სახელმძღვანელო. გვ. 28.

[2] მმართველობის  ანგარიშგების სახელმძღვანელო. გვ. 31